არჩევნები 2025

"ვიცით, სად არის დიდი რეიტინგი" - 28 ოლქში ლელო/გახარიას მერობის კანდიდატი არ ჰყავს

14 ივლისი. გახარიას პარტიამ და ლელომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

"ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და თუ არ ვცდები, ისე მოვიგეთ 24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს" - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 5 სექტემბერს განაცხადა.

9 სექტემბერს ცესკომ ოფიციალურად გამოაქვეყნა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული კანდიდატები. აღმოჩნდა, რომ 25 ოლქში ქართულ ოცნებას არცერთი კონკურენტი არ ჰყავს.

კერძოდ, საგარეჯოში (ვახტანგ კაკუტაშვილი), გურჯაანში (გიორგი მაჭავარიანი), დედოფლისწყაროში (ნიკოლოზ ჯანიაშვილი), ყვარელში (ილია მზექალაშვილი), თიანეთში (ლევან წიკლაური), გარდაბანში (დავით კარგარეთელი), დმანისში (კობა მურადაშვილი), წალკაში (ილია საბაძე), თეთრიწყაროში (მიხეილ აფციაური), ახალციხეში (ვარლამ წიკლაური), ადიგენში (გოჩა ქიმაძე), ასპინძაში (როსტომ მაგრაქველიძე), ახალქალაქში (მელქონ მაკარიანი), ნინოწმინდაში (ანივარდ მოსოიანი), ონში (დავით ლობჟანიძე), ამბროლაურში (ზაზა ქევანიშვილი), ცაგერში (ჭაბუკი ჭაბუკიანი), მესტიაში (კაპიტონ ჟორჟოლიანი), საჩხერეში (ლევან ივანაშვილი), ბაღდათში (ნოდარ გიორგიძე), ვანში (ალექსანდრე გოგორიშვილი), ტყიბულში (დავით კუბლაშვილი), აბაშაში (გიგა გაბელაია), მარტვილსა (გიორგი ნაჭყებია) და ფოთში (ბექა ვაჭარაძე) მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატები არიან რეგისტრირებულები. აღსანიშნავია, რომ ცესკოს მონაცემებით, ამ ბოლო ოლქში (ფოთი) გახარია-საქართველოსთვის კანდიდატს შალვა კერესელიძეს რეგისტრაცია გაუუქმდა. სამთავრობო მედიის ინფორმაციით, კერესელიძემ კანდიდატურა თავად, რეგისტრაციიდან ორ დღეში მოხსნა.

კიდევ სამ მუნიციპალიტეტში, ქართულ ოცნებას მხოლოდ საინიციატივო ჯგუფების და კახა კუკავას თავისუფალი საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი უპირისპირდება. მაგალითად, ქარელში მერობისთვის ქართული ოცნების (ზაზა გულიაშვილი) და თავისუფალი საქართველოს (ზვიად მექვაბიძე) კანდიდატები იბრძვიან, ხაშურში - ქართული ოცნების კანდიდატი (პაატა ჩადუნელი) და საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი ვალერი გელაშვილი, ხოლო ლენტეხში - ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გაზდელიანი და საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი მამუკა მუკბანიანი.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, გამოგლეჯვის ბრძოლაში შესულ გახარიას პარტიას და ლელოს 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 36 მუნიციპალიტეტში ჰყავთ მერობის კანდიდატი - თბილისი, სიღნაღი, ლაგოდეხი, მარნეული, ბოლნისი, ყაზბეგი, გორი, ბორჯომი, ხარაგაული, სამტრედია, ხონი, ჩოხატაური, ხობი, ზუგდიდი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური, თელავი, ახმეტა, რუსთავი, მცხეთა, დუშეთი, კასპი, თერჯოლა, ზესტაფონი, ჭიათურა, წყალტუბო, ქუთაისი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ბათუმი და ხულო.

გარდა ამისა, კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, თენგო თევზაძის გაკეთებული ანალიზით, ლელოს და გახარიას პარტიას 1 088 მაჟორიტარული ოლქიდან 431-ში კანდიდატი არ ჰყავთ. მისივე ინფორმაციით, ლელომ და გახარიას პარტიამ ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო უბნები.

"3 055 საარჩევნო უბნიდან ლელოს 253 უბანზე კომისიის წევრი არ ჰყავს, ხოლო გახარიას პარტიას 1 337 უბანზე. რეგიონებში გახარიას პარტიას უბნების 41%-ზე კომისიის წევრი არ ჰყავს" - წერს თევზაძე და აღნიშნავს, რომ "ეს არის კაპიტულაცია და განაცხადი იმის, რომ ეს ორი პარტია სისტემურ ოპოზიციონერობას ვერ გაქაჩავს".

კანდიდატების არწარდგენას გამოეხმაურა ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი ლანა გალდავა და თქვა, რომ "ოპოზიციური ხმების საბადო" დიდი ქალაქებია.

"ჩვენ ხო ვიცით, სად არის ყველაზე დიდი რეიტინგი, სად არის უფრო ნაკლები რეიტინგი, ამიტომ თბილისი, ბათუმი, დიდი ქალაქები, ეს არის ნამდვილად ოპოზიციური ხმების საბადო და მე შეკითხვას ვსვამ, როდესაც თბილისში 22%-იანი მხარდაჭერა აქვთ მხოლოდ, აი, ეს როგორ შეიძლებოდა საჩუქრად მიგეცა ქართული ოცნებისთვის, მაგრამ შევეშვათ ამ ყველაფერს, მე და ჩვენ ოპოზიციის ოპოზიციად ვერ გამოვდგებით, მათ აქვთ თავისი სტრატეგია, რაც გულისხმობს ამ ბოიკოტის ნაწილს, ჩვენი სტრატეგია იყო აქტიური მოქმედების, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვართ პარალელურ ბრძოლაში, ყოველდღე ვართ საარჩევნო კამპანიაში, ამავდროულად საღამოს ვდგავართ იმ პროტესტზე, რა პროტესტიც დღეს არის კახი კალაძის საარჩევნო შტაბის წინ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გსურთ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, ყველა დიდ და პატარა ქალაქში დავიბრუნოთ ეს ქალაქები, დავიბრუნოთ თბილისი, გვქონდეს დაცულობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები, საჭირო არის, რომ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა “ - თქვა გალდავამ ფორმულას ეთერში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს იმართება. მას ოპოზიციიის უდიდესი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. გახარიას პარტიამ და ლელომ არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. არჩევნებში მონაწილეობს გირჩიც - პარტიას 64 მუნიციპალიტეტიდან მერობის კანდიდატი მხოლოდ თბილისში (იაგო ხვიჩია) ჰყავს წარდგენილი.

კომენტარები