რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევისა და მათი ჩამოგდების შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალები საკუთარ სამხედროებს სწრაფი გამოძახებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს.
ტერიტორიული თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედროები მზად უნდა იყვნენ შესაძლო გამოძახების შემთხვევაში 6 საათში გამოცხადებისთვის. ცენტრალური რეგიონების მზადყოფნის ვადა 12 საათია, ხოლო დასავლეთ რეგიონების 24 საათზე ნაკლებ დროში მზადყოფნაში მოყვანის გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს.
"გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გაავრცელეთ მხოლოდ სამხედრო და სამთავრობო შეტყობინებები. თუ გადააწყდებით ობიექტების ფრაგმენტებს, გთხოვთ, არ მიუახლოვდეთ მათ და შეატყობინეთ პოლიციას." - ნათქვამია პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალების განცხადებაში.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი ქვეყნის საჰაერო სივრცის "ობიექტების" მიერ დარღვევისა და მათ წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ გააფრთხილა.





