პოლონური მედია RMF24 ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ლუბლინის სავოევოდოში, ქალაქ ვლოდავას მახლობლად მდებარე სოფელ ვირიკი ვოლაში სახლს დაეცა.
სოფელი ბელარუსის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, რომ არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები.
შემთხვევის შედეგად ცეცხლი არ გაჩენილა და არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა შენობის სახურავი და მანქანა. ადგილზე იმყოფებიან სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მეხანძრეები.
ნაპოვნია სხვა დრონებიც. ლოძის სავოევოდოში, ქალაქ ოპოჩნოს მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან 300 კილომეტრში დრონი მინდორში იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აპარატია ნაპოვნი, თუმცა გავრცელებულ ფოტოებში ნაჩვენები უპილოტო საფრენი აპარატი რუსული წარმოების Гербера-ს ტიპის დრონს ჰგავს.

ცნობების მიხედვით, ლუბლინის სავოევოდოში იპოვეს კიდევ რამდენიმე დრონი. აქედან ერთი საფრენი აპარატი, ქალაქი ბიალა პოდლასკას მახლობლად იპოვეს, ორი დრონი კი პარჩევის რაიონში აღმოაჩინეს. ასევე ერთი დრონის ნაწილი, ქალაქ ზამოსცის მახლობლად იპოვეს.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი ქვეყნის საჰაერო სივრცის "ობიექტების" მიერ დარღვევისა და მათ წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ გააფრთხილა.





