პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა

ბელარუსის მტკიცებით, პოლონეთი "გზააბნეულ" დრონებზე გააფრთხილეს, რამდენიმე ჩამოაგდეს

ბელარუსის საჰაერო ძალების Су-27

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ ღამეს პოლონეთი და ლიტვა "გზააბნეული" დრონების შესახებ გააფრთხილეს და რამდენიმე მათგანი საკუთარ საჰაერო სივრცეში თავადაც ჩამოაგდეს.

განცხადება ბელარუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალური შტაბის მეთაურმა პაველ მურავეიკომ გააკეთა. მან ტექსტში არ აღნიშნა, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთს ეკუთვნოდა.

მურავეიკოს თქმით, ბელარუსი "რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების ურთიერთგაცვლის" დროს აკვირდებოდა ობიექტებს, რომლებმაც "მხარეების რადიოელექტრონული ბრძლის მეთოდების ზემოქმედებით კურსი დაკარგეს".

"გზააბნეული უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი განადგურებულ იქნა ჩვენი ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ, ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე." - თქვა მურავეიკომ.

მურავეიკო ირწმუნება, რომ ბელარუსის არმიამ პოლონეთსა და ლიტვას აცნობა მიახლოებული დრონების შესახებ. მისი მტკიცებით, პოლონეთმა სწრაფი რეაგირება ამიტომაც შეძლო.

"9 სექტემბრის 23:00-დან 10 სექტემბრის 4:00-მდე ჩვენი სამორიგეო ძალები და საშუალებები არსებული ურთიერთქმედების არხების საშუალებით ცვლიდნენ ინფორმაციას საჰაერო და რადიოლოკაციურ მდგომარეობაზე პოლონეთისა და ლიტვის რესპუბლიკის სამორიგეო ძალებთან. ასე შევატყობინეთ მათ საკუთარ ტერიტორიასთან უცნობი საფრენი აპარატების მიახლოების შესახებ.

ამან პოლონურ მხარეს მისცა საშუალება ოპერატიული რეაგირება ჰქონოდა დრონებზე და საკუთარი სამორიგეო ძალები ააფრინეს."

ბელარუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა დაამატა, რომ "სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს", რომ პოლონურმა მხარემ ბელარუსი უპილოტო საფრენი აპარატების მიახლოების შესახებ ასევე გააფრთხილა.

10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი ქვეყნის საჰაერო სივრცის "ობიექტების" მიერ დარღვევისა და მათ წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ გააფრთხილა.

კომენტარები