"მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი" - ასე აფასებს ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე მისი და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილებას.
"ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, ზუსტად იმავე "დანაშაულით" ისჯიან სასჯელს. ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდით, ჩვენ ველოდებოდით 8-თვიანი ვადის გასვლას... გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო - მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს შავი ნიაღვრის და პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ დღეს რაც გააკეთა ე.წ პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, მანიპულირება ადამიანების თავისუფლების, კანონის ფეხქვეშ გათელვა, ადამიანებით ვაჭრობა.
პირდაპირ გეუბნებით, თუ უახლოეს დღეებში ე.წ პრეზიდენტი არ გამოუშვებს დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ზუსტად იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ლუსტრაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას თავისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ესენი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან" - ამბობს ხაზარაძე საპატიმროს დატოვების შემდეგ.
კითხვაზე, ისევ აპირებენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ლელოს ლიდერი პასუხობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ციხეში ყოფნისას გადაწყვიტეს.
"არჩევნებთან დაკავშოირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს ძლიერი საქართველოს. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკა გვაქვს, მიზანი გვაქვს ყველას ერთი - ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
ამ მიზნისთვის ჩვენ, ძლიერ საქართველოს არცერთი წამით არ უღალატია, ამ ბრძოლას გააგრძელებს. დანარჩენი, მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად" - ამბობს ხაზარაძე.
დამაზუსტებელ კითხვაზე, "ანუ არ ცვლით პოზიციას, არჩევნებში იღებთ მონაწილეობას?" - ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი პასუხობს - "რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში".
- ხოშტარია: მინდა, მივმართო მამუკას და ბადრის – გამოდით არასწორი, რუსული სპეცოპერაციიდან
- ჩერგოლეიშვილი: მოვუწოდებთ ლელოს, რეჟიმს ღირსეულად უპასუხოს და არჩევნებში არ შევიდეს
- ნოდია: ლელოს მხრიდან განსაკუთრებით ჭკვიანური სვლა იქნებოდა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე
ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 5 სექტემბრის დილით დაწერა, რომ ლელოს ლიდერების - ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა. იმავე დღეს, ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.





