არჩევნები 2025

კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე: ეს არის ჰუმანური აქტი

Kakha Kaladze/Facebook

"ეს ჰუმანური აქტია პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიწყალა ორი დამნაშავე" - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ ლელოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას.

"ზოგადად, ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება, მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა გააკეთა განმარტება,  რომ პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკოსები, ვინც მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მისი მხრიდან, იგივეა ახლა" - თქვა კალაძემ.

ერთერთი ჟურნალისტის კითხვაზე, "რატომ შეიწყალა მათი ნების წინააღმდეგ, მათ არ უთხოვიათ შეწყალება", თბილისის მერი პასუხობს - "რას ნიშნავს მათი ნების წინააღმდეგ? თუ მათ არ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ, კაცო, კი არავინ აძალებთ, პრეზიდენტს ხომ აქვს უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება?".

კითხვაზე, რა იყო შეწყალების მიზანი, კალაძე ამბობს - "ახსნა პრეზიდენტმა თუ რა არის მიზანი, წარმოდგენილია ყველა ის პარტია, ვინც მიიღო მონაწილეობა [არჩევნებში], პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პარტიების ლიდერები, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ძალიან მარტივია".

ივანიშვილის პრეზიდენტმა 5 სექტემბრის დილას გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი არჩევნების წინ პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

"გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს.

თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას.

მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს". - წერს ყაველაშვილი.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.

კომენტარები