დღეს "მსურველთა კოალიციის" წევრი ქვეყნების - მთელი თავისუფალი ევროპის, კანადის, იაპონიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის - შეხვედრა გაიმართა. ეს წევრი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი შეხვედრა იყო. მადლობას ვუხდი ყველას.
ზეწოლა მუშაობს - სიტუაცია უფრო და უფრო რთული ხდება როგორც რუსეთის ეკონომიკისთვის, ასევე მათთვის, ვინც რუსეთთან ვაჭრობს. ჩვენ ამ ხაზს გავაგრძელებთ. დღეს ვისაუბრეთ ახალ სანქციებზე, მეორად სანქციებზე და სპეციალურ სავაჭრო ტარიფებზე, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს.
ძლიერი უკრაინული არმია არის და დარჩება უსაფრთხოების გარანტიების ცენტრალურ ელემენტად. ამიტომ საუბარია ჩვენი არმიის შესაძლებლობებზე - ფინანსებზე, იარაღზე და თავდაცვით წარმოებაზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ეს ყველაფერი უზრუნველვყოთ და ჩვენი არმია მზად უნდა იყოს არა მხოლოდ ერთ წელიწადში, არამედ ხუთ და ათ წელიწადშიც - როგორც ომის ამჟამინდელ პირობებში, ასევე შემდგომი უსაფრთხოების გარანტირებისთვის. ჩვენ ძალებთან და კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გეგმების საფუძველი უკვე გვაქვს. ვამზადებთ დოკუმენტებს გარანტიებზე და [უკრაინის] უსაფრთხოებაში თითოეული ქვეყნის წვლილს ვადგენთ. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე 26-მა ქვეყანამ უკვე თანხმობა გამოხატა.
მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. ჩვენ ვმუშაობთ მრავალ ფორმატში - როგორიცაა ინიციატივები, მაგალითად PURL, რომელიც ამერიკული იარაღის შეძენის საშუალებას იძლევა, ასევე შეერთებული შტატების მზადყოფნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებში გრძელვადიან პერსპექტივაშიც მიიღოს მონაწილეობა.





