"მსურველთა კოალიციის" ხანგრძლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები პრესკონფერენციას მართავენ. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იყო.
ემანუელ მაკრონის თქმით, "გარანტიები უკვე მზად არის", რაც კოალიციის 35 წევრი ქვეყნის სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ ჩართულობას გულისხმობს.
მაკრონმა აღნიშნა, რომ 26 ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად მზადაა, "[უკრაინის] ხმელეთზე, ზღვაში ან ჰაერში" სამხედრო მისიის სახით ჩაერთოს.
მაკრონმა უსაფრთხოების გარანტიებსა და შესაძლო სამხედრო განლაგებების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ "მსურველთა კოალიციის" უსაფრთხოების პროექტის დეტალები მხოლოდ აშშ-ს მხარდაჭერის მიღების შემდეგ გასაჯაროვდება.
მან უკრაინის არმიის "განახლების" აუცილებლობაზეც ისაუბრა.
"უკრაინის თავდაცვისთვის შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს" - თქვა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე დაადასტურა, რომ შეხვედრის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ლიდერებმა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან ისაუბრეს.
"ჩვენ [აშშ და "მსურველთა კოალიცია"] მზად ვართ, კოორდინირებული ძალისხმევით რუსეთის სამხედრო მოქმედებები შევაჩეროთ" - თქვა მაკრონმა.
მისივე თქმით, ევროპელებს ომის დასასრულებლად შეხვედრების სერია სურთ – ჯერ ზელენსკის და პუტინს შორის, შემდეგ კი სხვა ფორმატში და "თუ მოსკოვი ამ პირობების პატივისცემას არ მოისურვებს, აშშ-თან ერთად, დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს".
მაკრონის განცხადებით, ტრამპმა დაადასტურა, რომ თუ რუსეთი არ იმოქმედებს, ის ნაბიჯების გადასადგმელად "მსურველთა კოალიციას" შეუერთდება.





