რეჟიმის პატიმრები

კოალიცია ცვლილებისთვის: სინდისის პატიმრების გაუტეხელობა არის ჩვენი ბრძოლის მაგალითიც

კოალიცია ცვლილებისთვის, დღეს, სასამართლოს მიერ 8 პირის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

"დღეს, ივანიშვილის რუსული რეჟიმის სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები. ადამიანები, რომლებიც მიუხედავად დიდი წნეხისა და ძალადობისა, ვერ გატეხეს.

არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც დღეს ე.წ. სასამართლომ დაადგინა.

სწორედ სინდისის პატიმრების გაუტეხელობა და თავდადება არის ჩვენი ბრძოლის მაგალითიც, რადგან სწორედ რეჟიმის თამაშის წესების არმიღებასა და მუდმივ წინააღმდეგობაზე გადის გამარჯვების გზაც.

ბრძოლა გამარჯვებამდე!" - ნათქვამია კოალიცია ცვლილებისთვის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა - მჭედლიშვილმა მუხლები გადააკვალიფიცირა და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.

პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებოდა - მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები