არასამთავრობო ორგანიზაციები

ENEMO ოცნებას: მოგიწოდებთ, გააუქმოთ ISFED-ისა და სხვა NGO-ებისთვის დაწესებული შეზღუდვები

არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი (ENEMO) რეჟიმის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ENEMO მხარდაჭერას უცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) და ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გააუქმონ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეზღდვები და ხელი არ შეუშალონ მათ საქმიანობას. 

ENEMO აღნიშნავს, რომ "სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება მიუკერძოებელი სამოქალაქო დამკვირვებლების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას, აფიქსირებენ დარღვევებს და აძლიერებენ საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. მათი საქმიანობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს არჩევნების სანდოობას და საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს".

"ENEMO-ს არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია განუხორციელებია საქართველოში და შესაბამისად, ზუსტად იცის, თუ რა გადამწყვეტ როლს ასრულებენ ისეთი სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიცაა ISFED, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფაში.

ENEMO მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების და სხვა დაზარალებული სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები, არ განახორციელოს დამატებით სხვა ქმედებები, რაც ხელს შეუშლის მათ ლეგიტიმურ საქმიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს და შექმნას ხელსაყრელი გარემო, რომელშიც არჩევნების დამკვირვებლებს შეეძლებათ თავიანთი მანდატის შესრულება დაშინების, რეპრესიების და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.

ENEMO გამოხატავს სოლიდარობას ISFED-ის და საქართველოს სამოქალაქო სექტორის მიმართ, აფასებს მათ მუდმივ ერთგულებას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ, მიუხედავად შექმნილი მტრული გარემოსი, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ქართული ოცნების ქმედებებით". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.

დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშები.

კომენტარები