ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 8 პარტიას მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ. მიზეზად ბოკუჩავა იმ კომენტარებს ასახელებს, რომლებიც ფედერალისტების ლიდერმა ერთერთი მედიის FB-გვერდზე შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების პასუხად, მათივე პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით დაწერა. მოგვიანებით, ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა.
"უხამსი არარაობების პროფილზე (პროფილად ეყენათ არასრულწლოვანთა ფოტოები) ბავშვების საკითხზე:
აშკარაა, რომ თუ აზრის გამოხატვა მინდოდა, მეტი დრო უნდა დამეხარჯა იმის სათქმელად, რომ სანამ ადამიანს პირად ცხოვრებაში ჩაუძვრებიან მიზოგინური შხამით, ძვირფასი ადამიანები წარმოიდგინონ მათ ნაცვლად. აზრი ეს იყო - სანამ ადამიანს რაღაცას დააბრალებ, წარმოიდგინე, რომ შენთვის ძვირფას ადამიანს აბრალებენ იგივეს.
ახსნის ნაცვლად ავდექი და მოკლეზე წავედი, პირდაპირ მათივე პროფილის ფოტოები მივუბრუნე უხეშ ილუსტრაციად იმისა, რისი თქმაც მინდოდა და ამისთვის ბოდიში. ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი" – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
რამდენიმე საათში, თინა ბოკუჩავამ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის შეწყვეტა მოითხოვა და აღნიშნა, რომ "ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო".
"მტკიცედ მწამს, ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით. ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.
მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთხოებას, მათ ბედნიერებას.
ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.
მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ” - წერს ბოკუჩავა.





