გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, თუმცა "არა ნებისმიერ ფასად" და არ სურთ, რომ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს.
მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან კაპიტულაცია რუსეთს დროს მოაგებინებს, რასაც ის შემდგომი ომისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.
ამის შესახებ, The Guardian-ის ცნობით, მერცმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
"არ გვსურს, რომ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს. ასეთი კაპიტულაცია მხოლოდ რუსეთს დროს მოაგებინებს და პუტინი ამ დროს შემდეგი ომისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს". - თქვა მერცმა.
ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ მოლდოვისთვის "ევროკავშირის კარი ღიაა" და მოლდოვას დაპირდა, რომ "ამ გზაზე მათ მხარდაჭერას შესაძლებლობების მიხედვით მაქსიმალურად განაგრძობენ".
მერცმა ასევე მოლდოვის მხრიდან რუსეთის აგრესიულ პოზიციაზე შეშფოთებებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რუსეთი მოლდოვის დემოკრატიაში ჩარევას ცდილობს. მისივე თქმით, ევროპა მოლდოვის გვერდით დგას "მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში".
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიწვევით მოლდოვაში ჩავიდნენ და დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გაიმართება.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, საარჩევნო კორუფცია და გარედან არალეგალური ფინანსური ჩარევა რუსეთის მთავარი ინსტრუმენტებია მოლდოვაში გასამართლი საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად





