პროსტიტუცია

პროკურატურა პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული 12 პირისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის დაკავებულ 12 პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ჩინური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურეობას უწევენ კლიენტებს, თანხის დიდ ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორები იღებდნენ, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავალის ერთადეთ წყაროს წარმოადგენდა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები