პროსტიტუცია

შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემისთვის 12 პირი დავაკავეთ [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.

დაკავებულთა შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ფარულად, აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აღნიშნული პირები სისტემატურად გადასცემდნენ ფართებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს. 

"ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ. ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მოგვიანებით, სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულთა შორსაა, ირმა კურტანიძე იგივე ხატია წერეთელი.

კომენტარები