რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სიბიჰა: რუბიოსთან და ევროპელ კოლეგებთან უსაფრთხოების გარანტიებზე სატელეფონო ზარი გვქონდა

ანდრიი სიბიჰა
Sean Gallup/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სატელეფონო ზარში მონაწილეობა მიიღო. 

ამის შესახებ სიბიჰა X-ზე წერს.

"მნიშვნელოვან ზარში მივიღე მონაწილეობა, რომელიც მშვიდობისკენ გზასა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა და რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს მიერ იყო ორგანიზებული, ევროპელ მოკავშირეებთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვოლტონენთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანისთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადეკ შიკორსკისთან, გაერთიანებული სამეფო საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან ერთად.

მადლობელი ვარ მდივანი რუბიოს მიმართ მისი ძალისხმევისთვის და პრეზიდენტი ტრამპის მიმართ მისი მშვიდობისმყოფლური ლიდერობისთვის.

ჩვენი საუბარი ჩვენი ლიდერების ადრინდელ კონტაქტებს, ვაშინგტონში ზელენსკის წარმატებულ ვიზიტსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების სამუშაოს ეფუძნებოდა". - წერს სიბიჰა.

სიბიჰამ აღნიშნა, რომ ზარში მონაწილე ყველა მხარე იზიარებს შეხედულებას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტიის ფუნდამენტური ნაწილია და მისი გაძლიერება მთავარი პრიორიტეტია. 

"ხელახლა გავიმეორე უკრაინის პოზიცია, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს კონკრეტული, სამართლებრივად დამავალდებულებელი და ეფექტიანი. ისინი უნდა იყოს მრავალგანზომილებიანი, მათ შორის, უნდა მოიცავდეს სამხედრო, დიპლომატიურ, სამართლებრივ და სხვა დონეებს. 

ყველანი ვიზიარებთ შეხედულებას, რომ უკრაინული არმია ნებისმიერი ასეთი გარანტიის ფუნდამენტური დონეა, შესაბამისად, მისი გაძლიერება ჩვენი პირველი პრიორიტეტია". - წერს სიბიჰა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ზელენსკი მზად არის, პუტინს "ნებისმიერ ფორმატსა და ნებისმიერ გეოგრაფიაში" შეხვდეს. მისივე თქმით, რუსეთი ამას სამუდამოდ ვერ გააჭიანურებს და თუ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე უარის თქმას განაგრძობს, შედეგების წინაშე დადგება. 

"ხელახლა დავადასტურე, რომ უკრაინა მშვიდობისკენ მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის. მზად ვართ ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ნებისმიერ ფორმატსა და ნებისმიერ გეოგრაფიაში. მზად ვართ, რომ მკვლელობა დავასრულოთ და დიპლომატიას შანსი მივცეთ.

მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ამას სამუდამოდ ვერ გააჭიანურებს. თუ რუსეთი მშვიდობისკენ აზრიანი, კონსტრუქციული ნაბიჯების უარყოფას განაგრძობს, შედეგების წინაშე უნდა დადგეს: სანქციების სერიოზული ზრდა და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება". - წერს სიბიჰა.

კომენტარები