უკრაინამ რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგას პორტში მდებარე გაზის მომპოვებელ ტერმინალ "ნოვატეკზე" უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
დრონების იერიშის შედეგად ტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
იერიშს გამოეხმაურა ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო. მისი თქმით, ხანძარი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა გამოიწვია.
გარდა ამისა, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს კურსკის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად. ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი.
ასევე, სამარის ოლქის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, უკრაინამ იერიში მიიტანა ქალაქ სიზრანში მდებარე საწარმოზე. Telegram-არხ Astra-ს ინფორმაციით საწარმო სიზრანის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაა. ოლქის ხელმძღვანელობა ობიექტს არ ასახელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 23 აგვისტოს საღამოს, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგად განადგურებულია 57 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.





