თურქეთში უკრაინის ელჩის, ნარიმან ჯელალის თქმით, თურქეთი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას განიხილავს და ასევე მზად არის, სულ მცირე, შავი ზღვის განნაღმვაში მიიღოს მონაწილეობა.
ამის შესახებ ჯელალმა ტელემარათონის ეთერში ილაპარაკა.
"გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს ვხვდებოდი, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. თურქეთი მზად არის, უკვე უახლოეს მომავალში შავი ზღვის განნაღმვას შეუერთდეს". - თქვა ჯელალმა.
ჯელალის ცნობით, საზღვაო განნაღმვასთან ერთად, თურქული მხარე ჰუამნიტარულ სამოქალაქო სახმელეთო განნაღმვაში მონაწილეობის შეთავაზებასაც განიხილავს.
ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის, კერძოდ, საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მზაობა გამოხატა.
"თურქეთმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი გახდეს და საზღვაო უსაფრთხოებაზე აგებდეს პასუხს". - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კრისტენ მიხალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესტონეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო მისიას შეუერთდეს.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ნებისმიერი სცენარი, რომელიც უკრაინაში NATO-ს ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო კონტინგენტის განთავსებას ითვალისწინებს, "კატეგორიულად მიუღებელია". ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი თანახმაა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, თუკი მათში ჩინეთიც "თანაბრად" იქნება ჩართული.
მოგვიანებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში ჩინეთი ჩართული ვერ იქნება, რადგან უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ისეთი სახელმწიფოებისგან სჭირდება, რომლებიც დასახმარებლად მზად არიან და უკრაინას ომის დაწყებიდანვე მხარს უჭერდნენ.





