ტრამპის ტარიფები

კანადა აშშ-ს პროდუქციაზე საპასუხო ტარიფების დიდ ნაწილს გააუქმებს

მარკ კარნი
Graham Hughes/Bloomberg

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ კანადა ამერიკულ პროდუქციაზე საპასუხოდ შემოღებულ იმპორტის ტარიფებს გააუქმებს და აშშ-სთან ახალი სავაჭრო და უსაფრთხოების ურთიერთობის დასამყარებლად მოლაპარაკებებს გააძლიერებს. 

პრესკონფერენციაზე კარნიმ განაცხადა, რომ ამჯერად კანადური ტარიფები მხოლოდ ამერიკულ ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე შენარჩუნდება. 

კარნის თქმით, აშშ-მ ბოლო პერიოდში გარკვევით თქვა, რომ არ დააწესებდა ტარიფებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ექვემდებარებიან აშშ-მექსიკა-კანადის (USMCA) თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რასაც კანადის პრემიერმა პოზიტიური ნაბიჯი უწოდა. 

"ამ კონტექსტში და USMCA-ის მიმართ კანადის ვალდებულებების შესაბამისად, მე დღეს ვაცხადებ, რომ კანადის მთავრობა აშშ-ს გაუთანაბრდება კანადური ტარიფების მოხსნის კუთხით იმ ამერიკულ პროდუქციაზე, რომელსაც კონკრეტულად USMCA ფარავს," თქვა მან. 

"კანადამ და აშშ-მ ახლა ხელახლა დაამყარეს თავისუფალი ვაჭრობა ჩვენი პროდუქციის დიდი უმრავლესობისთვის," დაამატა კარნიმ. 

კომენტარები