აშშ-ს შეიარაღებული ძალების განცხადებით, აშშ-სა და რიგი ევროპული ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელებმა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამხედრო სცენარების შემუშავება დაასრულეს და ახლა ისინი მათ თავიანთი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს წარუდგენენ.
შეერთებული შტატების, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთა შეხვედრები ვაშინგტონში 19 აგვისტოდან 21 აგვისტომდე მიმდინარეობდა.
Reuters აღნიშნავს, რომ უკრაინასა და ევროპელ მოკავშირეებს იმედი მას შემდეგ მიეცათ, რაც ტრამპმა 18 აგვისტოს გამართულ სამიტზე კიევისათვის უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ს დახმარების პირობა დადო, თუმცა ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი დატოვა.
გამოცემის მიხედვით, დასავლელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ამერიკულ და ევროპულ მხარეებს დრო სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, თუ რა იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში მისი შენარჩუნებისთვის სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი და ამავდდროულად კრემლისთვის მისაღები.
ინფორმირებული წყაროები Reuters-ს უყვებიან, რომ შეხვედრებზე ერთ-ერთ სცენარად უკრაინაში ევროპული ძალების გაგზავნა და მათი სარდლობისა და ოპერაციების კონტროლის აშშ-სთვის მინდობა დასახელდა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ნებისმიერი სცენარი, რომელიც უკრაინაში NATO-ს ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო კონტინგენტის განთავსებას ითვალისწინებს, "კატეგორიულად მიუღებელია".





