უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების საკითხის ფარგლებში $90 მილიარდის ღირებულების ამერიკული შეიარაღების შესყიდვის წინადადებით გამოვიდა.
მანამდე გამოცემა Financial Times წერდა, რომ უკრაინა $100 მილიარდის ღირებულების ამერიკული შეიარაღების შესყიდვის ინიციატივით გამოვიდა, რასაც კიევის ევროპელი პარტნიორები დააფინანსებენ.
უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ გარანტიების პირველი ნაწილი უკრაინისთვის საკუთარი "ძლიერი არმია" იქნება, მეორე კი - ამერიკული შეიარაღების პაკეტი.
"მართლაც არის ჩვენ მიერ შეთავაზებული $90-მილიარდიანი პაკეტი. ეს ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიების მეორე ნაწილია. მესამე ნაწილი ჩვენივე დრონების წარმოებაა." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გამოცემა FT-ის მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, ამერიკული იარაღის შესყიდვის გარდა ზელენსკის წინადადება ასევე მოიცავს $50-მილიარდიან შეთანხმებას უკრაინულ კომპანიებთან ერთად დრონების წარმოების კუთხით.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ "ხანგრძლივი მშვიდობა უნდა ემყარებოდეს არა დათმობებზე წასვლასა და საჩუქრებს პუტინისთვის, არამედ მტკიცე უსაფრთხოების ჩარჩოებს, რომელიც სამომავლო აგრესიას აღკვეთს."
გამოცემის ცნობით, დოკუმენტში უკრაინული მხარე ასევე უარს ამბობს პუტინის წინადადებაზე, რომ ფრონტის ხაზის გაყინვა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან უკრაინული ძალების გამოყვანის სანაცვლოდ მოხდეს, ვინაიდან ეს "შექმნის დასაყრდენს ქალაქ დნიპროსკენ რუსული ძალების დამატებითი და სწრაფი წინსვლისთვის," რაც პუტინს "სხვა საშუალებებით აგრესიის მიზნების მიღწევის" საშუალებას მისცემს.
დოკუმენტში კიევი ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა სრულად აუნაზღაუროს უკრაინას ომით გამოწვეული ზიანი, რისთვისაც შესაძლებელია $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაც.





