რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი და ევროპელი ლიდერები "ძლიერი უკრაინული არმიის" საჭიროებაზე შეთანხმდნენ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე. 2023 წლის 12 ივლისი

გამოცემა AFP-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებით არ უნდა მოხდეს უკრაინის არმიის ზომის შეზღუდვა. 

რეპორტიორებს მაკრონმა განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ევროპელი ლიდერები "ძლიერი უკრაინული არმიის" საჭიროებაზე შეთანხმდნენ, "რომელსაც შეუძლია, თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას წინააღმდეგობა გაუწიოს."

გამოცემა NBC News-თან ინტერვიუში მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსურველთა კოალიციის მეშვეობით მოხდება.

"ჩვენ შევქმენით მსურველთა კოალიცია, რაც იყო რეაქცია ჩვენს იმ განცდაზე, რომ არსებობდა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ცდუნება და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს - ჯერ იყო საქართველო 2008-ში, ისევე როგორც ყირიმი 2014-ში.სრულად უდავოა ის, რომ თუკი სამშვიდობო შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დადებ, რუსეთი არასდროს შეასრულებს სიტყვას, არასდროს დაემორჩილება მის მიერვე აღებულ ვალდებულებებს." - თქვა მან.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები, ევროპელი ლიდერების თანდასწრებით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

კომენტარები