ორგანიზაცია "მძევალთა ოჯახების ფორუმის" ინფორმაციით, თელ-ავივის მძევალთა მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე თითქმის 500 000 ადამიანი შეიკრიბა და მთავრობისგან ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმების მიღწევა მოითხოვა.
"თითქმის 500 000 ადამიანი შეიკრიბა.... მკაფიო რომ იყოს - ისრაელის მთელ მოსახლეობას სურს ყველა მძევლის გათავისუფლება და ომის დასასრული," წერია ფორუმის განცხადებაში.
ამავე ორგანიზაციის გათვლებით, დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მილიონამდე ადამიანმა მიიღო.
"მძევალთა ოჯახებს სურთ, ისრაელის მოსახლეობას უთხრან: "მადლობა! ამიერიდან ჩვენს ძალისხმევას მხოლოდ გავაძლიერებთ. ჩვენთან დარჩით, სანამ ბოლო მძევალი არ გათავისუფლდება!" - განაცხადა ორგანიზაციამ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება მასშტაბური აქციის ამსახველი ვიდეოებიც:
Times of Israel-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არსებობს პოლიციის ოფიციალური აღრიცხვა ყრილობის მასშტაბის შესახებ, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქციაა 2023 წლის ოქტომბერში ომის დაწყების შემდეგ.





