რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უიტკოფის თქმით, აშშ და რუსეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე შეთანხმდნენ

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი
REUTERS/Leah Millis

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თქმით, ალასკაში გამართულ სამიტზე დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას შეძლებს. 

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის ფაქტობრივად მეხუთე მუხლის მსგავსი შეთავაზების წარდგენა შეუძლიათ," განუცხადა უიტკოფმა CNN-ს, რაშიც მან NATO-ს მე-5 მუხლი იგულისხმა, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება. 

"პუტინმა თქვა, რომ წითელი ხაზი NATO-ში მიღებაა," დაამატა მან. 

ამას გარდა, უიტკოფი ამბობს, რომ სამიტზე მიღწეული შეთანხმებით, რუსეთი თანახმაა, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში კანონმდებლობით დაამტკიცოს, რომ სამომავლოდ არცერთ სხვა ქვეყანას არ დაესხმება თავს.

"ჩვენ შევთანხმდით უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებზე, რასაც ვითარების შემცვლელად დავახასიათებდი. არ ვიფიქრებდით, რომ ოდნავადაც ახლოს ვიყავით აშშ-ს მხრიდან მეხუთე მუხლის თავდაცვაზე; რუსეთის ფედერაციის შიგნით კანონმდებლობით გამყარებაზე, რომ არ მოხდება ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე შეტევა, როცა სამშვიდობო შეთანხმების კოდიფიცირება დასრულდება. რუსეთის ფედერაციაში კანონმდებლობით უზრუნველყოფა, რომ არ მოხდება ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაზე თავდასხმა და მათი სუვერენიტეტის დარღვევა. ასე რომ, ჩვენ შევთანხმდით... და კიდევ ბევრი იყო." - თქვა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ინტერვიუში.

თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ შეხვედრას უიტკოფთან ერთად ესწრებოდა, განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა 18 აგვისტოს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მოხდება. 

"ხვალინდელი საუბრის დიდი ნაწილი დაეთმობა იმას, თუ რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს უკრაინა, რადგან რაც უკრაინას სურს ისაა, რომ... კარგი, ომი დასრულდა - როგორ უზრუნველვყოთ, რომ ეს აღარ მოხდება. როგორ უზრუნველვყოთ, რომ ორ ან სამ წელიწადში, რუსები ჩვენ წინააღმდეგ კვლავ არ წამოვიდნენ. ამიტომ, მათ გარანტიების შექმნა სურთ, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა ან აღკვეთონ სამომავლოდ მსგავსი ომი. ასე რომ, ხვალ დიდ დროს დავუთმობთ დეტალების განხილვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს." - აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.

რუბიოს თქმით, ასევე დისკუსიის ნაწილი იქნება ის საკითხი, თუ რა როლი ექნება აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის კუთხით.

მანამდე NBC News-თან ინტერვიუში რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების ალიანსებისა და შეთანხმებების დამყარების უფლება აქვს.

"ვფიქრობ, უნდა იყოს გარკვეული დისკუსია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, რადგან მათ [უკრაინელებს] არ უნდათ... ჩვენგან არავის სურს, რომ ეს ომი მომავალშიც იხილოს. ის სუვერენული სახელმწიფოა. მათ აქვთ უფლება, რომ უსაფრთხოების შეთანხმებები და უსაფრთხოების ალიანსები ჰქონდეთ სხვა ქვეყნებთან." - თქვა მან.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში სხვა ევროპელი ლიდერებიც ჩავლენ. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, აშშ-ში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გაემგზავრებიან.

კომენტარები