რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიოს თქმით, ვაშინგტონში შეხვედრაზე მხარეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, 18 აგვისტოს ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის დროს ტრამპის ადმინისტრაცია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ძირითადად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს განიხილავენ.

"ხვალინდელი საუბრის დიდი ნაწილი დაეთმობა იმას, თუ რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს უკრაინა, რადგან რაც უკრაინას სურს ისაა, რომ... კარგი, ომი დასრულდა - როგორ უზრუნველვყოთ, რომ ეს აღარ მოხდება. როგორ უზრუნველვყოთ, რომ ორ ან სამ წელიწადში, რუსები ჩვენ წინააღმდეგ კვლავ არ წამოვიდნენ. ამიტომ, მათ გარანტიების შექმნა სურთ, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა ან აღკვეთონ სამომავლოდ მსგავსი ომი. ასე რომ, ხვალ დიდ დროს დავუთმობთ დეტალების განხილვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს." - აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.

რუბიოს თქმით, ასევე დისკუსიის ნაწილი იქნება ის საკითხი, თუ რა როლი ექნება აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის კუთხით.

მანამდე NBC News-თან ინტერვიუში რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების ალიანსებისა და შეთანხმებების დამყარების უფლება აქვს.

"ვფიქრობ, უნდა იყოს გარკვეული დისკუსია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, რადგან მათ [უკრაინელებს] არ უნდათ... ჩვენგან არავის სურს, რომ ეს ომი მომავალშიც იხილოს. ის სუვერენული სახელმწიფოა. მათ აქვთ უფლება, რომ უსაფრთხოების შეთანხმებები და უსაფრთხოების ალიანსები ჰქონდეთ სხვა ქვეყნებთან." - თქვა მან.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში სხვა ევროპელი ლიდერებიც ჩავლენ. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, აშშ-ში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გაემგზავრებიან.

"პრეზიდენტმა ტრამპმა ისინი [ევროპელი ლიდერები] აქ მოიწვია, მან ზელენსკის უთხრა, რომ ორშაბათს ჩამოსულიყო და ის ევროპელი ლიდერები ჩამოეყვანა, რომელთა ჩამოყვანასაც თავად გადაწყვეტდა." - განუცხადა რუბიომ Fox News-ს.

კომენტარები