რუსული რეჟიმი

6 ორგანიზაცია: ანტიკორუფციული ბიურო გვედავება, რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად

რაჟდენ კუპრაშვილი

ექვსი ორგანიზაციის განცხადებით, 11 აგვისტოს მიიღეს ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან. 

"ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.

მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და  დეზინფორმაციის  მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით.

პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საფარი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება  (ISFED), სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მედიის განვითარების ფონდი (MDF).

18 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ  "ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო". უწყებამ NGO-ებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები მოსთხოვა. 

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისა და ივანიშვილის წარმომადგენლის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, დეზინფორმაციაა, რომ ბიურო NGO-ებს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას არამიზნობრივად სთხოვს.

კუპრაშვილის განცხადების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ფოტო გაავრცელეს, რომელშიც რეჟიმი მათ ორგანიზაციებს ბენეფიციარებისა და მონაწილე პირების სახელებს, გვარებს, პირად ნომრებსა და აქტივობის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას სთხოვს. 

კომენტარები