ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისა და ივანიშვილის წარმომადგენლის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, დეზინფორმაციაა, რომ ბიურო NGO-ებს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას არამიზნობრივად სთხოვს.
"კანონის უზენაესობისა და აღსრულების პროცესში, ბიურო უფლებამოსილია, საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია გამოითხოვოს. დღის განმავლობაში, რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას [...]
ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს არ სცდება. მიმართულია მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.
ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს - საქართველოს კანონის, FARA-ს აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს. ასევე, ვახორციელებთ გრანტების თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, აგრეთვე, მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს". - თქვა კუპრაშვილმა.
კუპრაშვილის ბრიფინგს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლები, ნინო ლომჯარია და ბაია პატარაია გამოეხმაურნენ. მათი თქმით, კუპრაშვილი ტყუის და Facebook-ზე, მათი განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ფოტო გაავრცელეს, რომელშიც მათ ორგანიზაციებს ბენეფიციარებისა და მონაწილე პირების სახელებს, გვარებს, პირად ნომრებსა და აქტივობის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას სთხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ანტიკორუფციულმა უწყებამ სასამართლოს მეშვეობით რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. კერძოდ, 17 ივნისს NGO-ებისგან მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პირადი მონაცემები მოითხოვეს.
"17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების - წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია". - ნათქვამია განცხადებაში.
მათი განცხადებით, პერსონალურ მონაცემებს რეჟიმს არ გადასცემენ და აღნიშნული ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
"ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ.
ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია - ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი - პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.





