ინტერპოლით ძებნილის დაკავება

შსს: საქართველოში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის 12 მოქალაქე დავაკავეთ

საქართველოში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის 12 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ განაცხადა. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს. ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა. 

დაკავებული ადამიანები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა - 4 მათგანი კი საქართველოში უკანონოდ შემოვიდა". - თქვა დონდოლაძემ.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, დაკავებულებს შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალურ დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ნარკოდანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები. 

"ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა". - თქვა დონდოლაძემ.

შსს-ს განცხადებით, 12-ივე დაკავებულის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. 

კომენტარები