ინტერპოლით ძებნილის დაკავება

შსს: ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის ძებნილი თბილისში დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცავებმა გერმანიაში, ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 1986 წელს დაბადებული გ.ჩ., თბილისში დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება გერმანელი სამართალდამცველების მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე დაიწყო. 

„აღნიშნული მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული და მისი თანამზრახველი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება და შეფარდებული აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, 2013 წლის 22 ივნისის ქალაქ ნიურნბერგში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ, ბინის მესაკუთრეს ელექტროკაბელებითა და ქსოვილის ნაჭრით ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს და გაგუდეს. აღნიშნულმა პირებმა ბინიდან „როლექსის“ მარკის 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დაკავებული საქართველოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდება.

 

კომენტარები