ინტერპოლით ძებნილის დაკავება

პროკურატურა: საქართველოდან აშშ-ში ინტერპოლით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან აშშ-ში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

"ექსტრადირებული პირი აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე, 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო". - წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

კომენტარები