ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის თქმით, Al Jazeera-ს რეპორტიორი, რომლის მოკვლასაც კრიტიკა მოჰყვა, ჰამასის ტერორისტი იყო

Al Jazeera-ს რეპორტიორი ანას ალ-შარიფი (მარცხნივ), რომელიც IDF-მა ღაზაში 2025 წლის 10 აგვისტოს მოკლა, ჰამასის მოკლულ ლიდერ იაჰია სინვართან ერთად
სურათი IDF-ის არაბულენოვანმა სპიკერმა 2025 წლის 11 აგვისტოს გამოაქვეყნა

ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა 11 აგვისტოს შეშფოთება გამოთქვეს ღაზის სექტორში, მათი თქმით, ჟურნალისტების განმეორებით მიზანში ამოღების გამო მას შემდეგ, რაც წინა დღით ისრაელის იერიშის შედეგად მაუწყებლობა Al Jazeera-ს ცნობილი ჟურნალისტი, ანას ალ-შარიფი დაიღუპა.

ისრაელის არმია დიდი ხნის განმავლობაში ალ-შარიფს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებდა ბრალს.

Al Jazeera-მ დაადასტურა, რომ 28 წლის ალ-შარიფი და კიდევ ხუთი ჟურნალისტი ალ-შიფას საავადმყოფოს მახლობლად კარავზე მიტანილ საჰაერო იერიშს ემსხვერპლნენ. საავადმყოფოს ოფიციალურმა პირმა ასევე თქვა, რომ იერიშის შედეგად კიდევ ორი პირი დაიღუპა. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის სპიკერმა იერიშის შემდეგ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჟურნალისტების განმეორებით მიზანში ამოღების გამო პრემიერი "სერიოზულად შეშფოთებულია."

"რეპორტიორები, რომლებიც კონფლიქტებს აშუქებენ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში დაცულები არიან და ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ, რომ დამოუკიდებლად, შიშის გარეშე გაავრცელონ ინფორმაცია და ისრაელმა უნდა უზრუნველყოფს, რომ ჟურნალისტებმა თავისუფლად შეძლონ სამუშაოს შესრულება," განაცხადა სპიკერმა. 

ერთ-ერთი მოკლული რეპორტიორის ჰამასთან კავშირების შესახებ კითხვაზე სტარმერის სპიკერმა უპასუხა, რომ "ამის გამოძიება სიღრმისეულად და დამოუკიდებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტების განმეორებით მიზანში ამოღების გამო."

ანას ალ-შარიფის სიკვდილის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) 10 აგვისტოსვე დაადასტურა იერიშის მიტანა, რომლის შედეგადაც ალ-შარიფი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ შარიფი "ჟურნალისტის საფარქვეშ მოქმედი ტერორისტი იყო."

ისრაელის არმიის სპიკერმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ Al Jazeera-ს მოკლული ჟურნალისტი ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედი წევრი იყო, რომელიც დაჯგუფებისგან ხელფასსაც იღებდა.

"იერიშამდე ჩვენ მოვიპოვეთ აქტუალური დაზვერვა, რომელიც მიანიშნებდა, რომ [ანას] ალ-შარიფი ლიკვიდაციის მომენტში ჰამასის სამხედრო ფრთის მოქმედი წევრი იყო. ამასთანავე, ის ჰამასის ტერორისტული დაჯგუფებისგან და ტერორისტების მხარდამჭერი Al-Jazeera-სგან ხელფასს ერთდროულად იღებდა," განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო სპიკერმა, ვიცეპოლკოვნიკმა ნადავ შოშანიმ X-ზე. 

IDF-ის თქმით, ალ-შარიფი "ჰამასის ტერორისტული უჯრედის უფროსი იყო და ორგანიზებას უწევდა ისრაელის მოქალაქეებისა და IDF-ის სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებს."

"ღაზის სექტორიდან დაზვერვა და დოკუმენტები, მათ შორის სიები, ტერორისტების საწვრთნელი სიები და ხელფასის ჩანაწერები, ამტკიცებს, რომ ის ჰამასის წევრი იყო, რომელიც Al Jazeera-ში იყო ინტეგრირებული," განაცხადა IDF-მა და შესაბამისი დოკუმენტების სურათები გამოაქვეყნა. 

Al Jazeera-ს რეპორტიორი, ანას ალ-შარიფი (წითელში), რომელიც IDF-მა ღაზაში 2025 წლის 10 აგვისტოს მოკლა, ჰამასის მოკლულ ლიდერთან, იაჰია სინვართან და სხვა ჰამასის ლიდერთან ერთად
(სურათი IDF-ის არაბულენოვანმა სპიკერმა 2025 წლის 11 აგვისტოს გამოაქვეყნა)

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში IDF-მა დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც აჩვენებდა, რომ ალ-შარიფი ჰამასის სამხედრო ფრთას 2013 წლის 3 დეკემბერს შეუერთდა, სადაც ის ჩრდილოეთ ღაზაში რაკეტების გამშვებ რაზმს მეთაურობდა.

დოკუმენტების მიხედვით, იგი რაზმის მეთაურად 2019 წლის 1-ელ იანვარს დაამტკიცეს. დოკუმენტებში ასევე ეწერა, რომ ალ-შარიფის სამხედრო მაიდენტიფიცირებელი ნომერი 305342 იყო. 

2023 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის 7 აპრილს ალ-შარიფი თვალში დაიჭრა და სმენა დაუქვეითდა ჰამასის წვრთნების დროს, თუმცა ტერორისტულ ორგანიზაციაში თვეში $200-იან ხელფასზე რჩებოდა. 

კიდევ ერთი ცალკეული დოკუმენტის მიხედვით, ალ-შარიფის სახელი ფიგურირებდა ჰამასის აღმოსავლეთ ჯაბალიის ბატალიონის შემადგენლობაში მყოფი ელიტარული სპეციალური ოპერაციების რაზმის - ნუხბას - შიდა სატელეფონო რეესტრშიც.

ცნობისთვის, ნუხბას ძალების ტერორისტები მონაწილეობას იღებდნენ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთ ნაწილზე თავდაპირველ ტერორისტულ თავდასხმებში. 

ისრაელის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია დანარჩენი ხუთი ჟურნალისტის კავშირების შესახებ, რომლებიც ქალაქ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს სიახლოვეს კარავში ყოფნისას ისრაელის დარტყმას ემსხვერპლნენ. 

11 აგვისტოს ისრაელის იერიში ევროკავშირმაც დაგმო, ხოლო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ისრაელს მოუწოდა, რომ "მკაფიო მტკიცებულებები" წარადგინოს იმ ჟურნალისტების კავშირების შესახებ, რომლებიც მიზანში ამოიღეს. 

ამავე დღეს IDF-ის სპიკერმა პოსტში ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბერში არმიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები "იერიშის მიტანამდე ალ-შარიფზე ჩვენი დაზვერვის მიერ მოპოვებულ მონაცამების მხოლოდ მცირე და დეკლასიფიცირებული ნაწილია."

იერიშის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა "ბოლო მკვლელობებში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება" მოითხოვა. 

"სულ მცირე, 242 ჟურნალისტია მოკლული ღაზაში ომის დაწყების შემდეგ. ჟურნალისტებსა და მედიის თანამშრომლებს პატივი უნდა სცენ, უნდა დაიცვან და უნდა დართონ ნება, რომ თავისუფლად იმუშაონ, შიშისა და შევიწროების გარეშე," განაცხადა გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა. 

ისრაელის იერიში დაგმო არაკომერციულმა ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF)", რომელმაც დარტყმას "ისრაელის არმიის მხრიდან აღიარებული მკვლელობა" უწოდა.  

ისრაელის წინააღმდეგ კრიტიკას შეუერთდა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც (CPJ): "ჟურნალისტები სამოქალაქო პირები არიან. ომში ისინი მიზანში არასდროს უნდა ამოიღონ და ამის გაკეთება ომის დანაშაულია, განუცხადა CPJ-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოდი გინსბერგმა AFP-სთან საუბრისას. 

თავის მხრივ, X-ზე გაეროს მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც ეწერა, რომ "ჟურნალისტები სამიზნეები არ არიან," ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდმა უპასუხა, რომ "გეთანხმებით, ჟურნალისტები სამიზნეები არ არიან, მაგრამ ჯიჰადისტები კამერებით ჟურნალისტები არ არიან, ისინი ტერორისტები არიან."

10 აგვისტოს იერიშის შემდეგ Al Jazeera-მ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშის შედეგად მათი კორესპონდენტები, ალ-შარიფი და მოჰამედ ქრეიკე, კამერის ოპერატორები, იბრაჰიმ ზაჰერი, მოამენ ალივა და მოჰამედ ნუფალი დაიღუპნენ. იერიშს ასევე ემსხვერპლა არასაშტატო ჟურნალისტი მოჰამად ალ-ხალდიც. 

ამას გარდა, Al Jazeera, თავის მხრივ, მტკიცედ უარყოფს ისრაელის ბრალდებებს ალ-შარიფის ჰამასის წევრობის შესახებ და ისრაელს ღაზის სექტორში მათი ჟურნალისტების სისტემატურად მიზანში ამოღებაში სდებს ბრალს.

მანამდე, გასულ კვირას, ისრაელის უშიშროების კაბინეტმა სამხედრო გეგმა დაამტკიცა, რომელიც ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარებას გულისხმობს. მოგვიანებით ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ისრაელს არა ღაზის სექტორის ოკუპაცია, არამედ ტერიტორიის ჰამასის ტერორისტებისგან გათავისუფლება სურს.

კომენტარები