წულუკიანის კომისია

სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის პატიმრობა ძალაში დატოვა - სიორიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისთვის 8 თვით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, გიორგი სიორიძის თქმით, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს.

"ცოტა ხნის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში დატოვა. ეს სამარცხვინო განაჩენი ჩაგვბარდა, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება. თურმე, სააპელაციო სასამართლოს ხაზარაძის საჩივარზე უმსჯელია და საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში რჩება". - თქვა სიორიძემ.

სიორიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი საფუძველი შეიქმნას.

ივნისში, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

ცნობისთვის, ხაზარაძე პირველად წულუკიანის კომისიაზე 25 მარტს დაიბარეს, სხდომაზე შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის საქმე განიხილა. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს. განმეორებით კი 17 ივნისს.

ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც 1 წლამდე ვადით პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს. 

ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელიც პოლიტიკოსმა გადაიხადა.

კომენტარები