პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე თეა წულუკიანის კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს, ამჯერად "2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელების" შესახებ.
"კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.
მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ.
მოსვლას არ ვაპირებ!
ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!" - წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, ხაზარაძე პირველად წულუკიანის კომისიაზე 25 მარტს დაიბარეს, სხდომაზე შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის საქმე განიხილა. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.
ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც 1 წლამდე ვადით პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.
ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელიც პოლიტიკოსმა გადაიხადა.





