საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი წერს, რომ უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა დაამატა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნებიც უნდა მონაწილეობდნენ, "რადგან ეს მათ უსაფრთხოებას ეხება".
ამის შესახებ მაკრონი X-ზე წერს.
მაკრონი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან კიდევ ერთი საუბარი ჰქონდა.
"კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, ერთიანობის სულისკვეთებით ვიმუშაოთ და მსურველთა კოალიციის ჩარჩოს ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას დავაშენოთ.
უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის უკვე 3 წელზე მეტია, იბრძვიან.
ევროპელები ასევე აუცილებლად იქნებიან გადაწყვეტის ნაწილი, რადგან ეს მათ უსაფრთხოებას ეხება". - წერს მაკრონი.
მაკრონმა დაამატა, რომ ზელენსკისთან და ევროპელ მჭიდრო პარტნიორებთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს ღამით აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ".
გამოცემა WSJ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის მიერ აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლისთვის, სტივ უიტკოფისთვის წარდგენილი წინადადება დონეცკის ოლქიდან უკრაინის ძალების გასვლის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
მოგვიანებით, გამოცემამ საკუთარ წყაროებზე ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინამ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების საპასუხოდ საკუთარი შეთავაზება წარადგინეს.
WSJ-ს მიხედვით, ევროპის ქვეყნებმა უარყვეს რუსული მხარის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გასვლის შესახებ. ნაცვლად ამისა, ევროპული წინადადების მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ გაცვლითი შეთანხმებები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტერიტორიიდან უკრაინის გასვლას რუსეთის მხრიდან სხვა ოკუპირებული რეგიონის დატოვება უნდა ახლდეს თან.
გარდა ამისა, ევროპული გეგმა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავს, მათ შორის, NATO-ს შესაძლო წევრობას.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ევროპული გეგმა ნებისმიერი სხვა ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.





