"ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ტრამპის თქმით, პუტინის ქმედებებზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აშშ-ს პრეზიდენტს, Fox News-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, კვლავ რჩება თუ არა ძალაში ულტიმატუმის ვადა.
"მასზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რას იტყვის. მასზე იქნება დამოკიდებული. ძალიან იმედგაცრუებული ვარ". – უპასუხა რეპორტიორს ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.
მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს წარმომადგენელმა, ჯონ კელიმ განმარტა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ულტიმატუმის მიხედვით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 8 აგვისტოსთვის უნდა მოხდეს.
5 აგვისტოდან მოყოლებული რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ. ამ მომენტამდე აშშ-ს მხარეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.





