რუსული რეჟიმი

ზურაბიშვილი: ჩვენ არა მშვიდობის კუნძულზე, არამედ ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზე ვართ

დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც აქ განისვენებენ - მათ, ვინც 2008 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაიცვა. მაგრამ ეს დღე მხოლოდ ხსოვნისთვის არ არის. ის გვახსენებს, რომ ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისთვის დასრულებული არაა. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი თავისუფლება საფრთხის ქვეშ დგას.

ეს არ არის ისტორიის დასრულებული ფურცელი. ომი არ დასრულებულა. ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება - ომი, რომელიც არა მხოლოდ ჯარით, არამედ დეზინფორმაციით, ზეწოლით და დიახ, ზოგიერთი ქართველის ხელებითაც კი მიმდინარეობს.

რუსეთი ორ ომს აწარმოებს: სამხედრო ომს უკრაინაში და ჰიბრიდულ ომს საქართველოში და ჰიბრიდული ომი განსაკუთრებით სახიფათოა - რადგან ის სახელმწიფოს შიგნიდან ასუსტებს.

ამ წუთასაც, აშშ და ევროკავშირი მშვიდობისთვის იბრძვიან. ვაშინგტონში, პრეზიდენტი ტრამპი ალიევსა და ფაშინიანს მოლაპარაკების მაგიდასთან ახვედრებს. ხოლო საქართველო, რომელიც ერთ დროს რეგიონული ლიდერი იყო, ახლა იზოლირებულია. დღეს ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, რადგან ჩვენი მთავრობა ამ გზას დაადგა.

ჩვენ არ ვართ მშვიდობის კუნძული - ჩვენ ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზე ვართ. მაშინ, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მშვიდობა ფესვებს იდებს, საქართველო უკან რჩება. სწორედ ეს არის ნამდვილი ღალატი მათ მიმართ, ვინც ამ ქვეყნისთვის თავი შესწირა და ჩვენი მომავლის მიმართ

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარები