რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: ტრამპის თქმით, პუტინი მოსალაპარაკებლად მზადაა, თუ ტერიტორიების გაცვლაც განიხილება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს და პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ პუტინი მზად არის დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ. ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები არსებობს და ამის შესახებ მან ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრისას უთხრა. საუბარი მოსკოვში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის შემდეგ შედგა.

The New York Times-ის ცნობით, სატელეფონო ზარს ზელენსკისთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ შტუბი, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ესწრებოდნენ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა საქმიანი და კონსტრუქციული იყო – "ვფიქრობ, ორივე მხარე შესაძლოა კმაყოფილი იყოს საუბრის შედეგებით".

გარდა ამისა, კრემლის განცხადებით, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

კომენტარები