რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უშაკოვი: ორივე მხარე შესაძლოა კმაყოფილი იყოს საუბრის შედეგებით

იური უშაკოვი
RBC.ua

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა საქმიანი და კონსტრუქციული იყო.

"ეს იყო საქმიანი, კონსტრუქციული შეხვედრა და ვფიქრობ, ორივე მხარე შესაძლოა კმაყოფილი იყოს საუბრის შედეგებით. კრიზისის დარეგულირებისთვის საჭირო მომდევნო ერთობლივი ნაბიჯების განხილვა მოხდა. 

ხაზი გაესვა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები შეიძლება აშენდეს სრულიად განსხვავებული, ორმხრივად მომგებიანი სცენარით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებისგან"  – ამბობს უშაკოვი. 

6 აგვისტოს, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსეთის მიმართ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე, ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოსკოვში მას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.

იანვარში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უიტკოფი რუსეთში რამდენჯერმე ჩავიდა. ბოლოს ის მოსკოვში აპრილის თვეში გაემგზავრა და პუტინთან უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა განიხილა.

ტრამპმა გუშინ, 5 აგვისტოს, განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გადაწყვეტილებას უიტკოფის ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღებს: "რუსეთთან ხვალ შეხვედრა გვექნება და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ," თქვა მან.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.

კომენტარები