აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ მის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან "პროდუქტიული შეხვედრა" ჰქონდა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
ამის შესახებ ტრამპი საკუთარ Truth Social-ზე წერს.
"ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. დიდი პროგრესი მიიღწია! შემდგომ ჩვენი ზოგიერთი ევროპელ მოკავშირეს განახლებული ინფორმაცია მივაწოდე. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და ამისთვის მომდევნო დღეებსა და კვირებში ვიმუშავებთ". - წერს ტრამპი.
დღეს, 6 აგვისტოს, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსეთის მიმართ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე, ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოსკოვში მას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.
გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამის ბრაძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს რუსული ნავთობის შეძენის გამო ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა, რის შედეგადაც ინდოეთის საქონელზე დაწესებული ტარიფების რაოდენობა ჯამში 50% გახდა.
იანვარში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უიტკოფი რუსეთში რამდენჯერმე ჩავიდა. ბოლოს ის მოსკოვში აპრილის თვეში გაემგზავრა და პუტინთან უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა განიხილა.
ტრამპმა გუშინ, 5 აგვისტოს, განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გადაწყვეტილებას უიტკოფის ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღებს: "რუსეთთან ხვალ შეხვედრა გვექნება და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ," თქვა მან.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.





