გამოცემა Українська правда-სთან საუბრისას თურქეთში უკრაინის ელჩმა, ნარიმან ჯელალმა თქვა, რომ თურქული გამოცემის, Turkiye Gazetesi-ის მიერ გავრცელებული ცნობები უახლოეს დღეებში უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ჯელალმა თქვა, რომ პირადად ის და თურქეთში უკრაინის საელჩო მუშაობენ, რათა ერდოღანი ზელენსკის მიწვევით უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდეს, თუმცა "ჯერ არ არსებობს რაიმენაირი ინფორმაცია", რომ ასეთი ვიზიტი უახლოეს დღეებში შედგება. მანვე დააზუსტა, რომ თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, რომელსაც 4 აგვისტოს შეხვდა, მოწვევა კიდევ ერთხელ გადასცა.
"ჯერ არ არსებობს რაიმენაირი ინფორმაცია, რომ უკრაინაში ერდოღანის ასეთი ვიზიტი უახლოეს დღეებში შესაძლებელია". - თქვა ჯელალმა УП-სთან საუბრისას.
ჯელალმა Turkiye Gazetesi ინფორმაციის დამახინჯებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათი ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება.
"თურქულმა გამოცემამ, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაამახინჯა ინფორმაცია. მიაქციეთ ყურადღება, წყაროს არ იძლევიან იმაზე, თუ სად ვთქვი ასეთი რამ, არ წერენ ჩემს ციტატას, უბრალოდ ამბობენ, რომ თითქოს მე ეს განვაცხადე". - თქვა ჯელალმა.
მანამდე, Turkiye Gazetesi წერდა, რომ ერდოღანი კიევში ჩასვლას აპირებდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოაწერდა ხელს და ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი რეგულირების ძალისხმევას განიხილავდნენ.





