რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს სენატის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი უკრაინისთვის დახმარებასაც მოიცავს

აშშ-ს სენატის ასიგნებების კომიტეტმა 31 ივლისს მხარი დაუჭირა სამხედრო ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად დაახლოებით $1 მილიარდის ოდენობის დახმარებასაც შეიცავს. 

რესპუბლიკელთა კონტროლქვეშ არსებულმა სენატის ასიგნებების კომიტეტმა თავდაცვის დეპარტამენტისთვის $852-მილიარდიანი ბიუჯეტი დაამტკიცა იმ ფისკალური წლისთვის, რომელიც 2026 წლის 30 სექტემბერს დასრულდება. Reuters-ის ცნობით, აღნიშნული ბიუჯეტი $21.7 მილიარდით, იგივე 2.6%-ით, აღემატება იმ ბიუჯეტს, რომელიც ტრამპმა მოითხოვა. 

კანონპროექტს კომიტეტში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და მას მხარი 26-მა კომიტეტის წევრმა სენატორმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი მხოლოდ 3 იყო. ახლა კანონპროექტი მთლიან სენატს წარედგინება. 

"არა მხოლოდ წინა ადმინისტრაციამ, არამედ ამ ადმინისტრაციამაც სათანადოდ ვერ შეაფასა გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშეა," თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა. 

კანონპროექტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის (USAI) $800 მილიონს შეიცავს, ხოლო ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივისთვის - $225 მილიონს, რაც Reuters-ის მიხედვით, საბოლოოდ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდება. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 31 ივლისს თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბრისას უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "საზიზღრობა" უწოდა და განაცხადა, რომ აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს.

მანამდე, 29 ივლისს, ტრამპმა რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა. 

მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს წარმომადგენელმა, ჯონ კელიმ განმარტა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ულტიმატუმის მიხედვით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 8 აგვისტოსთვის უნდა მოხდეს.  

კომენტარები