ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელი ჰუმანიტარული მიზნით ყოველდღიურად ღაზის ნაწილებში 10-საათიან პაუზას აცხადებს

ღაზი
REUTERS/Dawoud

ისრაელმა 27 ივლისს განაცხადა, რომ ყოველდღიურად 10 საათის განმავლობაში ღაზის სექტორის გარკვეულ ნაწილებში სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებს და ახალი დახმარების დერეფნების გახსნას დაუშვებს. პარალელურად, იორდანიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ღაზაში დახმარება პარაშუტებით ჩამოყარეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადების მიხედვით, ქვეყნის არმია ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილებში "სამხედრო მოქმედებების ადგილობრივ ტაქტიკურ პაუზას" ჩაატარებს, დილის 10 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე დროის მონაკვეთში. 

არმიის თქმით, პაუზა სექტორის იმ ნაწილებს შეეხება, სადაც IDF-ს ამჟამად სახმელეთო ჯარები განლაგებული არ ჰყავს და ეს "ყოველდღე მოხდება," დამატებითი ინფორმაციის გავრცელებამდე.

ეს ნაბიჯი "პოლიტიკური ეშელონების მხრიდან განკარგულებების თანახმად ხორციელდება და ნაწილია ტერიტორიებში სამთავრობო მოქმედებების კოორდინატორი (COGAT) დანაყოფის მიმდინარე ძალისხმევის, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი გაიზარდოს," განაცხადა არმიამ. 

ამას გარდა, IDF აცხადებს, რომ დილის 6 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე "უსაფრთხო მარშრუტები" გამოიყოფა, "რათა უსაფრთხოდ შესვლის ნება დართონ გაეროსა და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების კოლონებს, რომლებსაც საკვები და მედიკამენტები ღაზის სექტორის მასშტაბით მოსახლეობამდე შეაქვთ და [მას] ანაწილებენ."

"IDF გააგრძელებს ჰუმანიტარული ძალისხმევის მხარდაჭერას, ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ღაზის სექტორში მიმდინარე მანევრებისა და საიერიშო მოქმედებების პარალელურად, რათა ისრაელელი მოქალაქეები დავიცვათ. IDF მზადაა, რომ ამ მოქმედებების მასშტაბი საჭიროებისამებრ გაზარდოს," დაამატა ისრაელის არმიამ. 

კომენტარები