რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უსაფრთხოების გამო სანქტ-პეტერბურგში საზღვაო ძალების დღის აღლუმი გააუქმა

საზღვაო ძალების დღის აღლუმი სანქტ-პეტერბურგში, 2024 წ. 
Peter Kovalyov / TASS / kremlin.ru

კრემლი ადასტურებს, რომ უსაფრთხოების გამო სანქტ-პეტერბურგში საზღვაო ძალების ყოველწლიური აღლუმი გაუქმდა. მანამდე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, რაც მალევე წაშალეს.

რეპორტიორებს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განუცხადა, რომ "ზოგადი ატმოსფეროდან" და "უსაფრთხოების მიზეზებიდან" გამომდინარე აღლუმი არ ჩატარდება.

გამოცემა Moscow Times-ის ინფორმაციით, 25 ივლისს სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიების გაუქმების შესახებ ცნობა გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურ განცხადებაში აღლუმის გაუქმება ნახსენები აღარ იყო.

"27 ივლისს საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სანქტ-პეტერბურგის წყლებში აღარ ჩატარდება. ფეიერვერკების შოუ, მთავარი საზღვაო აღლუმი და იალქნიანი, ნიჩბიანი და ძრავიანი ხომალდების, ისევე როგორც ჰიდროციკლების მსვლელობა, ყველაფერი გაუქმდა," წერდა ქალაქის ტრანსპორტირების კომიტეტი განცხადების შეცვლამდე.

თუმცა, მოგვიანებით განცხადებაში ქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ განმარტა, რომ მათ არ ჰქონდათ კომენტარის გაკეთების უფლებამოსილება იმ ღონისძიებაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები