საქართველოს ელჩმა აშშ-ში, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა - ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
უწყებამ გაავრცელა ტალიაშვილის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ ტრამპს ასევე გადასცა მნიშნელოვანი გზავნილები, რაც მათ აშშ-ს მიმართ გააჩნიათ.
"მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ კომენტარში.
მისივე თქმით, "შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო."
"მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში.
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე." - ავრცელებს ტალიაშვილის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო.





