ევროკავშირი ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოცნება საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს. განცხადებას ხელს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხების სპიკერი, ანუარ ელ ანუნი აწერს.
ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასა და უსაფუძვლო ბრალდებებს. ბოლოდროინდელი სიცრუის შემცველი განცხადებები იმის შესახებ, რომ ევროკავშირს საქართველოს დესტაბილიზაცია, ომში ჩართვა ან ე.წ. არატრადიციული ღირებულებების დაწესება სურს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობაა.
რუსული სტილის შეთქმულების თეორიებისა და გამყოფი ნარატივების საშუალებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ ქვეყნის მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის.
ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.





