ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნეთანიაჰუს თქმით, აშშ და ისრაელი მძევლების დასახსნელად "ალტერნატიულ გზებს" განიხილავენ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
REUTERS/Ronen Zvulun

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ღაზის სექტორიდან ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად აშშ და ისრაელი ისეთ ვარიანტებს განიხილავენ, რომელიც ჰამასთან შეთანხმების მიღწევაზე არაა დამოკიდებული. 

"ახლო აღმოსავლეთში [აშშ-ს] სპეციალური წარმომადგენელი [სტივ უიტკოფი] სწორად ფიქრობს. ჰამასი შეფერხებას წარმოადგენს მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისთვის. ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტებს, რათა მძევლები სახლში დავაბრუნოთ, დავასრულოთ ჰამასის ტერორისტული მმართველობა და ისრაელისა და ჩვენი რეგიონისთვის გრძელვადიანი მშვიდობა მოვიპოვოთ." - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

განცხადებაში ისრაელის პრემიერი არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება "ალტერნატიულ ვარიანტებში". ცნობისთვის, 24 ივლისს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ჰამასმა პოზიცია გამოხატა ბოლო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებასთან დაკავშირებით და ისრაელმა მძევლების საკითისთვის გამოყოფილი ჯგუფი უკან გაიხმო. 

მანამდე უიტკოფმა განაცხადა, რომ დოჰაში მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართული დელეგაცია აშშ-მ უკან გაიხმო და "ალტერნატიულ ვარიანტების" ძიებაში იქნება.

24 ივლისს ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ჰამასის ბოლო პასუხმა "ცხადად აჩვენა, რომ მას არ აქვს ზავი მიღწევის სურვილი ღაზაში". 

"მიუხედავად იმისა, რომ შუამავლებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს, ჰამასი არც კოორდინირებულად მოქმედებს და არც კეთილსინდისიერად. ახლა განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტებს, რათა ტყვეების დაბრუნება შევძლოთ და ვეცადოთ, ღაზას მოსახლეობისთვის სტაბილური გარემო შევქმნათ" - განაცხადა უიტკოფმა.

მისი თქმით, "სამწუხაროა, რომ ჰამასი ასე ეგოისტურად მოქმედებს. ჩვენ მტკიცედ ვართ მოწოდებულნი დავასრულოთ ეს კონფლიქტი და ღაზაში მუდმივ მშვიდობას მივაღწიოთ".

კომენტარები