ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

რუბიო: პალესტინის აღიარების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ჰამასის პროპაგანდას ემსახურება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა, რომელმაც 24 ივლისს განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.

"აშშ მტკიცედ ეწინააღმდეგება ემანუელ მაკრონის გეგმას, რომ [საფრანგეთმა] გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო აღიაროს. ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და აფერხებს მშვიდობას. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში სილის გაწვნაა." - დაწერა რუბიომ X-ზე. 

პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება მაკრონმა პალესტინის ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტ მაჰმუდ აბასისადმი მიწერილი წერილის გამოქვეყნებით გაასაჯაროვა. წერილში ნათქვამია, რომ საფრანგეთი ამ ნაბიჯს ფორმალურად სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაადასტურებს.

"ამ ეტაპზე ყველაზე გადაუდებელი საკითხი ღაზაში ომის შეწყვეტა და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაა" - წერს მაკრონი.

გამოცემა France 24 აღნიშნავს, რომ საფრანგეთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ევროპული ქვეყანა იქნება, რომელიც პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.

მაკრონის განცხადებას მალე ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ნეთანიაჰუმ დაწერა, რომ ისრაელი ამ გადაწყვეტილებას 7 ოქტომბრის ტერაქტის ფონზე "კატეგორიულად გმობს".

"ასეთი ნაბიჯი ტერორის წახალისებას წარმოადგენს და ირანის კიდევ ერთი მარიონეტული ერთეულის შეიქმნის რისკს ზრდის - ისევე, როგორც ეს ღაზაში მოხდა" - აღნიშნავს ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუს თქმით, "არსებულ პირობებში პალესტინის სახელმწიფო ისრაელის განადგურების პლატფორმა გახდება".

"მკაფიოდ უნდა ითქვას: პალესტინელები არ ესწრაფვიან სახელმწიფოს ისრაელის გვერდით - ისინი სახელმწიფოს შექმნას ისრაელის ადგილას ცდილობენ" - დაწერა ისრაელის პრემიერმა.

კომენტარები