ნორვეგიის პრემიერმინისტრმა იონას გარ სტიორემ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვა დააფინანსოს. NRK-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ ბერლინში რეპორტიორებს განუცხადა.
სტიორეს თქმით, ნორვეგია მზადაა, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის მიწოდება დააფინანსოს და დაამატა, რომ "ახლა ასეც ვაპირებთ გერმანიასთან თანამშრომლობით".
ამასთან, ნორვეგიის პრემიერმა აშშ-ს განმარტება მოსთხოვა იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა უკრაინისთვის Patriot-ების მიწოდების კუთხით.
"ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადება დასახმარებლად მზადყოფნის შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ საჭიროა, ეს მკაფიოდ იყოს განსაზღვრული - და იმედი მაქვს, ასეც იქნება - ნორვეგია მზადაა, ხარჯის დაფარვაში წვლილი შეიტანოს," თქვა მან.
ცნობისთვის, გუშინ, 21 ივლისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია და აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეთანხმების ფარგლებში გერმანია უკრაინაში ორ ერთეულ Patriot-ის სისტემას გაგზავნის, აშშ კი დათანხმდება ზემოხსენებული სისტემების საკუთარი მარაგიდან ჩანაცვლებაზე.
მოგვიანებით გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რამშტაინის შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ აშშ და გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის ხუთი სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.
ამ დრომდე გერმანიამ უკრაინას საკუთარი 12 ერთეული Patriot-ის სისტემიდან 3 უკვე მიაწოდა. ამის შემდეგ კი ბერლინმა ორი სისტემა პოლონეთსაც მიაწოდა, შედეგად კი მათ მარაგში ამჟამად მხოლოდ 7 Patriot-ის სისტემაა. წყაროს თქმით, ამის გამო ბერლინი მზადაა უკრაინას Patriot-ის სისტემები კვლავ მიაწოდოს, თუ აშშ სწრაფი ჩანაცვლების გარანტიას მისცემს.





