ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა თქვა, რომ სირიის ახალი რეჟიმის მმართველობის დროს უმცირესობები საფრთხის წინაშე დგანან და საერთაშორისო საზოგადოებას ვალდებულება აქვს, რომ “სირიაში უმცირესობების უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოს”.
საარის თქმით, სირიის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ თავდამსხმელებს, ბედუინებს მხარი დაუჭირა, ხოლო მსხვერპლები, დრუზები დაადანაშაულა.
ამის შესახებ საარი X-ზე წერს.
“სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას სიტყვა ჯიჰადისტი თავდამსხმელების მხარდაჭერისა (ალ-შარაას სიტყვებით: “ბედუინთა ტომები, როგორც კეთილშობილი ღირებულებებისა და პრინციპების სიმბოლო”) და მსხვერპლთა დადანაშაულების გამოხატულება იყო (დრუზების უმცირესობა, რომელსაც თავს დაესხნენ).
ალ-შარაამ ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიებით და ისრაელის წინააღმდეგ ბრალდებებით შეკაზმა.
დასკვნა: ალ-შარაას სირიაში ძალიან სახიფათოა, იყო ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელი - ქურთი, დრუზი, ალავიტი ან ქრისტიანი.
ეს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არაერთხელ დამტკიცდა.
საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ვალდებულება, რომ სირიაში უმცირესობების უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოს და რომ მათი დაცვა ერთა ოჯახში სირიის ხელახალი მიღებისთვის წინაპირობად აქციოს”. - წერს საარი.
ცნობისთვის, სირიაში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელმა და თურქეთში აშშ-ს ელჩმა, ტომ ბარაკმა დაწერა, რომ ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ბარაკმა სირიაში დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს მოუწოდა, რომ განიარაღდნენ და სხვა უმცირესობებთან ერთად "ახალი და ერთიანი" სირიული იდენტობა შექმნან.
მანამდე, მედიაში ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 18 ივლისს სირიის სამხრეთში მიმდინარე არეულობის გამო ისრაელმა სირიის ახალი რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს 48 საათის განმავლობაში ელ-სუვაიდის მუჰაფაზაში შესვლის საშუალებას მისცეს.
მოგვიანებით, დღეს, 19 ივლისს, სირიის პრეზიდენტმა ქალაქ სუვაიდაში დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შეწყვეტის მიზნით "დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა" გამოაცხადა. BBC წერს, რომ გადაუმოწმებელი ცნობებით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, შეტაკებები არ შეჩერებულა.
13 ივლისიდან მოყოლებული სუვაიდის პროვინცია სასიკვდილო ძალადობაში გაეხვა მას შემდეგ, რაც დრუზ მებრძოლებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები დაიწყო. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) მიხედვით, 4-დღიანი ბრძოლების განმავლობაში 254 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მედიკოსები, ქალები და ბავშვები.
ხოლო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები სუვაიდის პროვინციაში რეჟიმის ძალების მხრიდან ქალებისა და ბავშვების დახოცვისა და სასულიერო პირებისთვის ულვაშის გაპარსვის შესახებ ცნობები გავრცელდა, ისრაელის დრუზმა მოსახლეობა მთავრობისგან სირიაში დრუზების დაცვა მოითხოვა.
მოგვიანებით, 16 ივლისს, ბედუინებსა და დრუზებს შორის ზავი გამოცხადდა, მომდევნო დღეს კი სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ სუვაიდის დატოვება დაიწყეს, თუმცა, ადგილობრივი მედიისა და მცხოვრებლების ინფორმაციით, სამხრეთ სირიის სხვადასხვა ნაწილში შეტაკებები დღემდე გრძელდებოდა.
რეგიონში შეტაკებების დაწყების შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ რეჟიმის სამხედრო ძალებს დედაქალაქ დამასკოს სამხრეთისკენ გადაადგილების საშუალებას არ მისცემდა. 16 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დამასკოში "ძლიერი იერიშებიც" მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა.
ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე კარმელსა და გალილეაში დაახლოებით 130 000 დრუზი ცხოვრობს. მათზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებში (IDF) სავალდებულო სამხედრო გაწვევა 1957 წლიდან ვრცელდება - დრუზების ნაწილს კი პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვან თანამდებობები უკავია.
ისრაელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ სირიაში დრუზების დაცვა მნიშვნელოვანია. თებერვალში ნეთანიაჰუმ სირიის ახალი რეჟიმისგან ქვეყნის სამხრეთის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.
აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები





