ახალი შეფასების მიხედვით, ივნისში აშშ-ს მიერ განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა ირანის სამი ბირთვული ობიექტიდან ერთი მეტწილად გაანადგურა, თუმცა, დანარჩენი ორი არც ისე მძიმედ დაზიანდა. ინფორმაციას NBC აშშ-ს მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ანგარიშში წერია, აშშ-ს ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ირანის ფორდოუს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმამ წარმატებით შეამცირა გამდიდრების შესაძლებლობები დაახლოებით ორი წლით. ინფორმაციას ორი მოქმედი აშშ-ს ოფიციალური პირი ავრცელებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დარტყმების შედეგად შედარებით ნაკლებად დაზიანებული ორი ბირთვული ობიექტი, ირანის სურვილის შემთხვევაში, ბირთვული გამდიდრების განახლებას რამდენიმე თვეში შეძლებს.
ამასთან, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა NBC-ს უთხრეს, რომ ბოლოდროინდელი შეფასებები აშშ-ს დარტყმების მიერ მიყენებული ზიანის მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს, რომელიც სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების პროცესის ფონზე მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
ორი ამერიკელი მოქმედი თანამდებობის პირის თქმით, აშშ-ს დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვული პროგრამის მდგომაროების შეფასებები, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში შეიცვლება და პროცესის წინ წასვლასთან ერთად, დასკვნები იმაზე მეტ ზიანს გამოავლენს, ვიდრე წინა შეფასებებშია ასახული.
ამავდროულად, პენტაგონის სპიკერმა, შონ პარნელმა NBC-ს უთხრა, რომ "[ამ საკითხთან დაკავშირებით] პრეზიდენტი ტრამპის განცხადება იყო მკაფიო და ამერიკელმა ხალხმა გაიგო, რომ: ირანის ბირთვული ობიექტები ფორდოუში, ისპაჰანსა და ნატანზში სრულად და ბოლომდე განადგურებულია. ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს".





