სირიის ახალი რეჟიმის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ 17 ივლისს განაცხადა, რომ დრუზი მოქალაქეებისა და მათი უფლებების დაცვა "ჩვენი პრიორიტეტია" იმ ფონზე, როცა ისრაელმა იმ სირიული სამთავრობო ძალების განადგურების პირობა დადო, რომლებიც დრუზებს სამხრეთ სირიაში უტევდნენ.
"ჩვენ მათ რიგებში არ ვართ, ვისაც ომის ეშინია. ცხოვრება გამოწვევების წინაშე და ჩვენი ხალხის დაცვაში გავატარეთ, მაგრამ ქაოსისა და განადგურების წინ სირიელების ინტერესები დავაყენეთ," თქვა მან ტელევიზიით პირველ სიტყვით გამოსვლაში, რასაც 16 ივლისს წინ უძღოდა ისრაელის იერიშები დამასკოში.
"ჩვენ უგულებელვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, რომ თქვენ გარე მხარის გავლენის ქვეშ მოექცეთ," მიმართა შარაამ დრუზებს.
თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ სირიელ ხალხს ომის არ ეშინია და მზად არიან საბრძოლველად, თუ მათი ღირსება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
ღამის საათებში სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამთავრობო არმიამ ქალაქ სუვაიდის დატოვება დაიწყო. განცხადების თანახმად, სირიის არმიამ "ქალაქში უკანონო დაჯგუფებების ძიების დასრულების შემდეგ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულების ფარგლებში ქალაქ სუვაიდადან გასვლა დაიწყო".
ცოტა ხნით ადრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობდა, რომ სირიაში ყველა მხარე "კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდა, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და შემაძრწუნებელ სიტუაციას ამ ღამით დაასრულებდა".
მანამდე, სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო და სირიელი დრუზების ერთ-ერთი სასულიერო ლიდერი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ქალაქ სუვაიდაში სამთავრობო ძალებმა და ადგილობრივმა დრუზებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა (IDF) დამასკოში დრონებით “ძლიერი იერიშები” მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა. ისრაელმა იერიშები მიიტანა პრეზიდენტის სასახლის მახლობლადაც.
დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბედუინმა პირმა დრუზი ბოსტნეულის გამყიდველი გაიტაცა.
ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) უახლესი მონაცემებით, სუვაიდის პროვინციაში, სულ მცირე, 203 ადამიანი არის მოკლული, მათ შორის 18 ბედუინი, 93 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და 92 დრუზი - ორგანიზაციის თანახმად, დრუზებს შორის 21 მშვიდობიანი მოსახლე “სამთავრობო ძალებმა სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს”.
ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე კარმელსა და გალილეაში დაახლოებით 130 000 დრუზი ცხოვრობს. მათზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებში (IDF) სავალდებულო სამხედრო გაწვევა 1957 წლიდან ვრცელდება - დრუზების ნაწილს კი პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვან თანამდებობები უკავია.
ისრაელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ სირიაში დრუზების დაცვა მნიშვნელოვანია. თებერვალში ნეთანიაჰუმ სირიის ახალი რეჟიმისგან ქვეყნის სამხრეთის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.
აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები





